ეფექტიანობის აუდიტის შესახებ

საქართველოში ეფექტიანობის აუდიტს ახორციელებს უმაღლესი აუდიტორული ორგანო - სახელმწიფო აუდიტის სამსახური.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიზნებიდან გამომდინარე, რათა მოხდეს საჯარო რესურსების მართვის დამოუკიდებელი და ობიექტური შეფასება, ასევე იმის დადგენა, თუ რამდენად ეფექტიანად ხდება დასახული მიზნის მიღწევა, ის ატარებს სამი სახის საჯარო აუდიტს: ფინანსური აუდიტი, შესაბამისობის აუდიტი, ეფექტიანობის აუდიტი.

ზოგადად, ეფექტიანობის აუდიტი მოიცავს აუდიტის ობიექტის საქმიანობის ან/და განხორციელებული პროგრამების/პროექტების ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის შემოწმებას, შეფასებას და აუდიტის ანგარიშის გაცემას.

ეფექტიანობის აუდიტის მიზანია შეაფასოს თუ რამდენად პასუხობს საჯარო უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებები და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დახარჯული ფინანსები ეკონომიურობის, პროდუქტიულობის და ეფექტიანობის პრინციპებს. გარდა ამისა, დაადგინოს თუ რა შედეგი იქნა მიღწეული კონკრეტული პროგრამის ფარგლებში გახარჯული საბიუჯეტო რესურსების შედეგად და რამდენად შეესაბამება ფაქტობრივად მიღწეული შედეგი დასახულ მიზანს. აგრეთვე შეაფასოს თუ რამდენად შესაძლებელი იყო მიღებული შედეგის მიღწევა საბიუჯეტო სახსრების უფრო ეკონომიური/პროდუქტიული გამოყენების გზით.

ეფექტიანობის აუდიტის შედეგად დგინდება იქნა თუ არა პროგრამის მიზნები მიღწეული და შესაძლებელი იყო თუ არა არსებული შედეგების მიღება უფრო ნაკლები რესურსის გამოყენებით, ასევე ხდება მნიშვნელოვანი პრობლემების იდენტიფიცირება და საჯარო მმართველობის გაუმჯობესებისთვის საჭირო გზების ძიება.

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ეფექტიანობის აუდიტი დაინერგა 2010 წლიდან. ამ პერიოდის განმავლობაში შეფასდა სხვადასხვა სფეროს მნიშვნელოვანი შემადგენელი პროგრამები თუ პოლიტიკები (policies). ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშებში ასახულია ძირითადი მიგნებები და შესაბამისი რეკომენდაციები პროგრამის თუ პოლიტიკის გასაუმჯობესებლად. შესაბამისად, მის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება საჯარო პოლიტიკის წარმოების გაუმჯობესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა.

IRC-მა დაისახა მიზნად გამოიკვლიოს ეფექტიანობის აუდიტის შედეგეგად შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების სტატუსი რამდენიმე უწყების მაგალითზე და გაზარდოს სამოქალაქო საზოგადოების ზედამხედველობა საჯარო მმართველობის ამ მნიშვნელოვანი მიმართულებით. IRC გეგმავს შეიმუშავოს ისეთი ანგარიშები, სადაც ასახული იქნება ეფექტიანობის აუდიტის შედეგად გაცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამომწვევი მიზეზები. ეს მოგვცემს საშუალებას დავინახოთ ტენდეცია თუ როგორი სახის რეკომენდაციების შესრულება წარმოადგენს სირთულეს უწყებებისათვის. ამავე ანგარიშში ასახული იქნება ის რეკომენდაციები, რაც შესრულდა თუ რა გავლენა ჰქონდა სფეროს წარმატებაზე, რაში შეუწყო ხელი და რა სარგებელი მოუტანა უწყებას. ეს იქნება ერთგვარი ხელშემწყობი ფაქტორი უწყებებისათვის, ანგარიშვალდებულებების გასაზრდელად და რეკომენდაციების შესასრულებლად.