რეგიონალური ინიციატივების ცენტრი „ნათელი მომავალი“ აფასებს საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას

რეგიონალური ინიციატივების ცენტრი „ნათელი მომავალი“ აფასებს საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას

ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის (IRC) მიერ გაცემული გრანტის ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები IRC-ის მიერ შემუშავებულ, საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) მონიტორინგისა და შეფასების ჩარჩოებს პრაქტიკაში იყენებენ. გრანტის გაცემა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის სისტემის შემუშავება" ფარგლებში განხორციელდა.

გვსურს წარმოგიდგინოთ IRC-ის ერთ-ერთი გრანტიორი - რეგიონალური ინიციატივების ცენტრი „ნათელი მომავალი", რომელიც IRC-ის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის/ინდექსის საფუძველზე იმერეთის რეგიონის 6 მუნიციპალიტეტში აფასებს საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას.

ქ.ქუთაისში, სასტუმროში „King David" რეგიონალური ინიციატივების ცენტრმა „ნათელი მომავალი" ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების საკრებულოებთან და მერიებთან.

თბილისიდან, Zoom პლატფორმის მეშვეობით, ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა IRC-ის პროექტის მენეჯერმა ქეთი გომელაურმა, რომელმაც ხაზი გაუსვა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის მნიშვნელობას და აღნიშნა: „ჩვენ მიზნად დავისახეთ შეგვექმნა ერთიანი სისტემური ჩარჩო, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემდა შეგვეფასებინა საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელება და წაგვეხალისებინა აღნიშნული რეფორმის საზოგადოებრივი მონიტორინგის პრაქტიკა".

ამასთან, ღონისძიებაზე პროექტის ექსპერტმა ნინო დოლიძემ წარადგინა მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში და მიმოიხილა ის საკითხები, რაც მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა. მონიტორინგის საბოლოო ანგარიში ოქტომბერში იქნება ხელმისაწვდომი.

 

შეგახსენებთ, რომ პროექტის ძირითადი მიზანია საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის მდგრადი სისტემის შემუშავება, ინოვაციური, საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული გარე შეფასების ჩარჩოების დანერგვის გზით.

პროექტი ხორციელდება ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით.