საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის შეფასების ინდექსის პრეზენტაცია

საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის შეფასების ინდექსის პრეზენტაცია

2020 წლის 18 ივნისს, ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრმა (IRC) სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში" გამართა ღონისძიება, რომელიც საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის შეფასების ინდექსის პრეზენტაციას მიეძღვნა.

აღნიშნული ინსტრუმენტი IRC-მა ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის სისტემის შემუშავება" ფარგლებში შეიმუშავა. ინდექსი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზეა დაფუძნებული.

საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის შეფასების ინდექსი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვისაა განკუთვნილი და მათ შესაძლებლობას აძლევს შეაფასონ მუნიციპალიტეტებში არსებული მდგომარეობა ამ თვალსაზრისით. ამასთან, ინსტრუმენტი მუნიციპალიტეტების შედარების შესაძლებლობასაც იძლევა.


ინდექსის მნიშვნელობის წარმოჩენისა და მისი მეთოდოლოგიის განხილვის შემდეგ, ღონისძიების მონაწილეებს IRC-მა გააცნო ინდექსის გამოყენებით რამდენიმე მუნიციპალიტეტში განხორციელებული შეფასების შედეგები და ძირითადი მიგნებები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლები. გარდა ფიზიკური სივრცისა, ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელი იყო დისტანციურ რეჟიმში, Zoom პლატფორმის საშუალებით.

შეგახსენებთ, რომ პროექტის ძირითადი მიზანია საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის მდგრადი სისტემის შემუშავება, ინოვაციური, საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული გარე შეფასების ჩარჩოების დანერგვის გზით.

პროექტი ხორციელდება ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით.